აშშ-ს ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტსმენები მკაცრად გააფრთხილა
აშშ-ს ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტსმენები მკაცრად გააფრთხილა

ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტსმენები გააფრთხილა, რომ ნებისმიერი, ვინც 2020 წლის ოლიმპიადის დროს პოლიტიკური პროტესტის გამოხატვას შეეცდება, „შესაბამის პასუხს“ მიიღებს.

ამ გაფრთხილებამ მას შემდეგ გაიჟღერა, რაც პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე პანამერიკული თამაშებისას, როდესაც ერთ-ერთ დაჯილდოვების ცერემონიალზე ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი ჟღერდა, ორმა ამერიკელმა სპორტსმენმა სოციალური უსამართლობა გააპროტესტა.

საუბარია მოფარიკავე რეის იმბოდენსა და უროს მტყორცნელ გვენ ბერიზე. პირველმა მათგანმა პოდიუმზე ჩაიმუხლა, მეორემ კი ჰაერში მუშტი აწია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული ჰიმნის უპატივცემულობისთვის მათ გუნდში 12-თვიანი პირობითი სასჯელი გამოუტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი საქციელის გამეორების შემთხვევაში, გუნდიდან გარიცხვა ემუქრებათ.

წერილში, რომელიც შტატების ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღანელმა სარა ჰირშლენდმა სპორტსმენებს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ კომიტეტი პატივს სცემს სპორტსმენების პოლიტიკურ შეხედულებებს, თუმცა არ ეთანხმება ამ შეხედულებების გამოხატვის დროსა და ადგილს, რომელიც მათ შეარჩიეს.

დატოვე კომენტარი