აშშ ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონია
აშშ ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონია

საფრანგეთში დასრულდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. ლიონში ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აშშ და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰოლანდია. ამერიკელებმა 2:0 მოიგეს.

ჰოლანდიამ შეძლო ტაიმნახევარი წინააღმდეგობის გაწევა. ის გახდა პირველი გუნდი ამ ტურნირზე, რომელსაც საწყის 12 წუთში აშშ-მ გოლი ვერ გაუტანა. პირველი გოლი 61-ე წუთზე გავიდა. პენალტი გაიტანა მეგან რაპინომ. მეორე გოლი როუზ ლაველის ანგარიშზეა.

ასე რომ, ამერიკის ნაკრებმა შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რომელიც ოთხი წლის წინ კანადაში მოიგო. სულ კი ეს გუნდი ოთხჯერ იყო ჩემპიონი (1991, 1999, 2015, 2019), რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მეგან რაპინომ ჩემპიონატი ექვსი გოლით დაასრულა, როგორც მისმა თანამემამულე ალექს მორგანმა და ინგლისელმა ელენ უაიტმა. „ოქროს ბუცი“ რაპინოს გადაეცა, რადგან მან უფრო ნაკლებ დროში მოახერხა ამ ექვსი გოლის გატანა. გარდა ამისა, რაპინომ მიიღო მთავარი პრიზი – ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი“.

ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა ჰოლანდიელი სარი ვან ვეენენდაალი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გერმანელი ჯულია გვინი.

მესამე ადგილი დაიკავა შვედეთმა, რომელმაც ბრინჯაოსთვის მატჩში ანგარიშით 2:1 ინგლისს მოუგო.

ჩემპიონატზე ჯამში გაიმართა 52 მატჩი და გავიდა 146 გოლი (საშუალოდ მატჩში – 2.81). ამ მატჩებს დაესწრო 1 131 312 მაყურებელი (საშუალოდ – 21 756).