აშშ-მა სირიაში ირანული ნავთობის შეტანის გამო, რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-მა სირიაში ირანული ნავთობის შეტანის გამო,  რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ირანული ნავთობის შეტანის გამო, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით ავრცელებს.

სანქციების დაწესების მიზეზად აღნიშნული კომპანიების მიერ სირიაში ირანული ნავთობის შესაძლო შეტანა სახელდება.

როგორც ცნობილია, შეზღუდვები ორ რუსულ კომპანიას, „პრომსირეიმპორტ-ს“ და Global Vision Group-ს შეეხება. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტმა შავ სიაში შეიყვანა ასევე ირანული კომპანია Tadbir Kish-ი და ექვსი ფიზიკური პირი. მათ შორის მოხვდა სახელმწიფო კომპანია „პრომსირეიმპორტის“ ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრეი დოგაევი.

სირიაში ირანული ნავთობის შეტანის ორგანიზატორად სირიელ ბიზნესმენ მუჰამედ ამერ აშ-შვიკის და მის კომპანია Global Vision Group-ს ასახელებენ, რომლის საქმიანობაც რუსეთის ტერიტორიაზე ვრცელდება. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, ირანულ-რუსული ქსელის საშუალებით სირიის ხელისუფლება ირანისგან მილიონობით ბარელ ნავთობს იღებს, თეირანი კი, საიდუმლო გარიგებით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.

რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2015 წელს, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა. ამის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა ისტორიული შეთანხმების საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციების განახლების შესახებ განაცხადა.