აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გაერო-ში სირიის საკითხზე რეზოლუციის პროექტი წარადგინეს
აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გაერო-ში სირიის საკითხზე რეზოლუციის პროექტი წარადგინეს

აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს სირიის საკითხზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინეს. დოკუმენტში ვაშინგტონი, პარიზი და ლონდონი ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობენ და მასობრივი განადგურების იარაღით თავდასხმების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდიან.

„ფრანს პრესის“ ცნობით, რეზოლუციის პროექტი საფრანგეთმა მოამზადა. ავტორები მოუწოდებენ სირიის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან. ასევე, ისინი სირიაში ცეცხლის შეწყვეტასა და მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდების უზრუნველყოფას ითხოვენ.

კონფლიქტის დარეგულირების ნაწილში, რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ სირიის ხელისუფლება მშვიდობიან დიალოგში წინაპირობების გარეშე უნდა ჩაერთოს.

აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პროექტზე გაერო-ში ორშაბათს უნდა იმსჯელონ.