აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი იუწყება, ე.წ. შავ სიაში მოხვდა ცხრა ფიზიკური პირი, 16 კომპანია და ექვსი ნავთობტანკერი.

სავარაუდოდ საქმე ეხება მსხვილ სატრანსპორტო ქსელს, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და რადიკალურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“. ამას გარდა, ამ ადამიანებსა და კომპანიებს სირიაში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი ჩაჰქონდათ, რაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დარღვევაა.

აშშ-მა ე.წ. შავ სიაში შეყვანილ პირებსა და კომპანიებს ანგარიშები დაუყადაღა და აშშ-ის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მათთან თანამშრომლობა აუკრძალა.

სასანქციო სიაში მოხვდა ირანის ნავთობის ყოფილი მინისტრი როსტამ კასემი, ასევე ინდური კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ირანულ ტანკერ „ადრიან დარიასთან“. შეგახსენებთ, რომ ეს ტანკერი ივლისში გიბრალტარმა დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა.