აშშ-მა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
აშშ-მა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმული ეს უპრეცედენტო ნაბიჯი სინამდვილეში აღიარებს იმას, რომ ირანი არის არამხოლოდ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, არამედ იმასაც, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და მხარს უჭერს ტერორიზმს“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება ირანზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება.

„თუ თქვენ თანამშრომლობთ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, თქვენ აფინანსებთ ტერორიზმს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ი გააგრძელებს ირანზე ზეწოლას და სანქციების პოლიტიკას. მან მოკავშირეებსაც მოუწოდა ანალოგიური ქმედებებისკენ.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ ირანის მოსახლეობას, დაიბრუნოს თავისი თავისუფლება“, – დაწერა მაიკ პომპეომ „ტვიტერში“.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისლამური რესპუბლიკის არმიის ელიტური ქვედანაყოფია. ის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წელს დაარსდა. გუშაგთა კორპუსი ირანში მნიშვნელოვან სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს მჭიდრო კავშირები აქვს ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან.

დატოვე კომენტარი