აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს
აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს

აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თრომბის წარმოქმნის რამდენიმე შემთხვევა გახდა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ცნობით, ვაქცინის 6,8 მილიონი დოზის გამოყენების შემდეგ, გამოვლენილია თრომბის ექვსი შემთხვევა. ადმინისტრაციის ცნობით, თრომბთან დაკავშირებული გართულებების გამო გარდაიცვალა ერთი პაციენტი, ერთი კი, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამასთან, ექვსივე შემთხვევა 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალებში გამოვლინდა. მათ სიმპტომები ვაქცინაციიდან 6-13 დღის განმავლობაში გამოუვლინდათ. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის რეკომენდაციის შემდეგ, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება ყველა შტატში შეჩერდა პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოძიების დასრულებამდე.

აშშ-ში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 27 თებერვალს დაამტკიცეს.

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის ქვეყნებში აღნიშნული ვაქცინის მიწოდება ერთი დღის წინ დაიწყო და ის ჯერ პაციენტებში არ გამოყენებულა. თუმცა კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ განაცხადა, რომ ევროპაში ვაქცინის მიწოდებას აჩერებს.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ასევე შეჩერდა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება, თრომბის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღნიშნული პრეპარატის გამოყენება დაიწყო მას შემდეგ, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ვაქცინა სხვებთან შედარებით უფრო მეტად ეფექტიანია კორონავირუსის სამხრეთაფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. თებერვლის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში „ჯონსონის“ ვაქცინით 300 ათასამდე მედიკოსია აცრილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შექმნილ სიტუაციას თვალს ადევნებენ და აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებელი უწყებების ანგარიშებს ელოდებიან.