აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი ინიციატივა, რომელიც კონგრესმენებმა დაამტკიცეს, ავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს, დააწესოს შეზღუდვები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ანკარის მიერ სირიაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასთანაა დაკავშირებული.

თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კიდევ ერთ მიზეზად ანკარის მიერ რუსეთისგან საზენიტო დანადგარების შეძენაა დასახელებული.

წარმომადგენელთა პალატის წევრები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს, დაუწესოს სანქციები თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამასთან, კანონმდებლები ითხოვენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მიაწოდოს ტრამპს იმ თურქი მაღალჩინოსნების სია, რომლებიც სირიაში სამხედრო ოპერაციასთან არიან დაკავშირებულნი. კონგრესმენები მათი აქტივების დაყადაღებას ითხოვენ.

კონგრესმენები ასევე გამოვიდნენ მოწოდებით, შეზღუდვები დაწესდეს თურქეთის სახელმწიფო ბანკისა და სხვა ფინანსური დაწესებულებების წინააღმდეგ, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ გარიგებებში, რომლებიც დაკავშირებული იყო ანკარის მიერ სირიაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასთან.

აღნიშნული ინიციატივის ავტორი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელია.

დატოვე კომენტარი