აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სამხედრო საზღვაო ძალების მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სამხედრო საზღვაო ძალების მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა სამხედრო საზღვაო ძალების მდივანი რიჩარდ სპენსერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზი მის მიმართ ნდობის დაკარგვაა, რაც დაკავშირებულია ე.წ. ზღვის ლომების ქვედანაყოფის სპეცრაზმელის, ედვარდ გალაჰერის მიერ ერაყში სამხედრო დანაშაულის ჩადენის საქმის გამოძიებასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელმა შეიტყო, რომ რიჩარდ სპენსერი თეთრი სახლის წარმომადგენლებს ფარულად სთავაზობდა, არ ჩარეულიყვნენ ედვარდ გალაჰერის წინააღმდეგ საქმეში. სანაცვლოდ კი, სპეცრაზმელი სამხედრო საზღვაო ძალებს დატოვებდა, თუმცა წოდებას შეინარჩუნებდა.

ედვარდ გალაჰერი დამნაშავედ ცნეს ერაყის ქალაქ მოსულში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლის ცხედართან ფოტოში პოზირების გამო, თუმცა უდანაშაულოდ მიიჩნიეს დაჭრილი მებრძოლის მკვლელობასა და სამოქალაქო პირებისთვის ცეცხლის გახსნაში. მას 16 ნოემბერს დონალდ ტრამპმა წოდება დაუბრუნა.

თავდაცვის მდივანმა სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი სპეცრაზმელი და ნორვეგიაში ამჟამინდელი ელჩი კენეტ ბრეითუეითი წარადგინა.