აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სავარაუდოდ დღეს დაიწყება
აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სავარაუდოდ დღეს დაიწყება

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სავარაუდოდ დღეს დაიწყება.

პროცესს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი უხელმძღვანელებს, ნაფიც მსაჯულთა როლს კი სენატორები შეასრულებენ. ბრალდების მხარეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი უხელმძღვანელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისტების გუნდმა გუშინ სენატს 171-გვერდიანი მემორანდუმი გაუგზავნა, სადაც პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებებისა და იმპიჩმენტის წინააღმდეგ არგუმენტებია წარმოდგენილი.

თეთრი სახლის იურისტები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურებს კონსტიტუციის შეურაცხყოფას უწოდებენ.

წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის საქმე სენატს გასულ კვირას გადასცა. „დემოკრატიული პარტიის“ მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრისას საქმის სენატისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას 228 კანონმდებელმა მისცა ხმა, 193 კონგრესმენი წინააღმდეგი იყო.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტის პროცესი განხორციელდება.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ტრამპმა პოლიტიკური გავლენა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ზელენსკის 2020 წელს დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა. გარდა ამისა, დემოკრატები ტრამპს იმპიჩმენტის პროცესში კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. დეკემბრის ბოლოს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც დემოკრატიულ პარტიას უმრავლესობა აქვს, ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.

თავად ტრამპი ბრალდებას უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს „პოლიტიკურად მოტივირებულ კუდიანებზე ნადირობას უწოდებს“.

როგორც ვარაუდობენ, სენატი, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ტრამპს გაამართლებს.