აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო
აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო

აშშ-ის სენატმა 56 ხმით, 44-ის წინააღმდეგ, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის წინააღმდეგ ექვსმა „რესპუბლიკელმა“ მისცა ხმა.

ამგვარად, ექსპრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით იმპიჩმენტის პროცესი სენატში ოთხშაბათს განახლდება და სავარაუდოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, ყოფილ პრეზიდენტს ამბოხისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარეს ცხრა „დემოკრატი“ კონგრესმენი წარმოადგენს. სენატში მოსმენების დაწყებისას „დემოკრატებმა“ წარადგინეს კონგრესის შტურმის დროს გადაღებული ვიდეოკადრები.

დონალდ ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის საჭირო იქნება ხმების ორი მესამედი, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო იქნება სულ მცირე 17 „რესპუბლიკელის“ ხმა.

იმ შემთხვევაში, თუ სენატი დონალდ ტრამპს დამნაშავედ ცნობს, მომდევნო ნაბიჯი იქნება ყოფილი პრეზიდენტისთვის ნებისმიერი თანამდებობის დაკავების აკრძალვა, რისთვისაც სენატის უმრავლესობის თანხმობა საკმარისია.

დონალდ ტრამპი ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.