აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე​ - დარწმუნებულები ვართ, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი პოზიტიურად გადაწყდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე​ - დარწმუნებულები ვართ, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი პოზიტიურად გადაწყდება

აშშ იმედოვნებს, რომ თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის აღნიშნული სკანდინავიური ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოსმენის დროს განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ვაშინგტონს ესმის, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში მხარეებს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყდება პოზიტიურად. ნატო-ს ალიანსის ფარგლებში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფართო და ღრმა მხარდაჭერაა“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს ეწინააღმდეგება თურქეთი, რომელიც ჰელსინკისა და სტოკჰოლმს ქურთთა მუშათა პარტიისა და აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის მიმდევრების, ასევე ანკარასთვის იარაღის ემბარგოს მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა ყველა მოკავშირე ერთ პოზიციაზე მადრიდის სამიტისთვის, რომელიც შემდეგ კვირაშია დაგეგმილი, დონფრიდმა უპასუხა: „მე ვიტყვი, რომ ჩვენ ნამდვილად ვისწრაფვით ამისკენ“.

მიმდინარე კვირის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე პროგრესი დამოკიდებულია ამ ქვეყნების მოქმედებების მიმართულებასა და სიჩქარეზე.

დატოვე კომენტარი