აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და „თალიბანის“ წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და „თალიბანის“ წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებები შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ მთავარმა მომლაპარაკებელმა, მულა ბარადარმა და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება განიხილეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „თალიბანისგან“ ვალდებულებების შესრულებას ელოდება, მათ შორის, ამერიკელებზე თავდასხმების შეწყვეტას.

თავის მხრივ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მოძრაობის პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ისაუბრეს დოჰაში მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებაზე, ავღანეთიდან უცხოური ძალების გაყვანაზე, ასევე პატიმრების გათავისუფლებაზე, შიდაავაღანური მოლაპარაკებების პროცესზე და საომარი მოქმედებების შემცირებაზე.

ბარადარსა და პომპეოს შორის მოლაპარაკებები შედგა იმ ფონზე, როდესაც ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „თალიბებთან“ დაკავშირებული მებრძოლები რუსეთისგან ანაზღაურებას იღებენ ავღანეთში უცხოურ ძალებზე თავდასხმისთვის.

თებერვალში დოჰაში აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მიღწეული შეთანხმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ ავღანეთიდან უცხოური ძალების გაყვანას ითვალისწინებს.