აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრის მიზანი აშშ-სომხეთს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყება იყო.

სახელმწიფო მდივანმა მზადყოფნა გამოთქვა, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად და გააგრძელოს თანამშრომლობა სომხეთის რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით.

შეხვედრის დროს ენტონი ბლინკენმა და არარატ მირზოიანმა ხელი მოაწერეს ბირთვული ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და არარატ მირზოიანმა განიხილეს სომხეთის პროგრესი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის სფეროში და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში რეფორმების მხრივ. ასევე, ისაუბრეს სომხეთსა და მის მეზობლებს შორის მიმდინარე დიალოგზე.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას სომხეთის მიერ გამოვლენილ მოქნილობისთვის და მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ. ენტონი ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მზადყოფნას, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ მდგრად მშვიდობასა და კეთილდღეობას.