აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზა გაუუქმდათ იმ პირებს, რომლებმაც სავიზო პირობები დაარღვიეს, ჩაიდინეს დანაშაული, მოატყუეს ამერიკელები და ბოროტად გამოიყენეს შტატების საიმიგრაციო სისტემა ან საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ვიზები გააუქმდათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ქურდობა, ნარკოდანაშაულები, სექსუალური ძალადობა, ბავშვზე ძალადობა და თაღლითობა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აშშ-დან პოლიტიკური ნიშნით დეპორტაციას დაექვემდებარა რამდენიმე პირიც.
„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადგინა, რომ მრავალი უცხო ქვეყნის მოქალაქე დეპორტირებულია საგარეო პოლიტიკის საფუძველზე, მათ შორის კუბელი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებულია კუბის კომუნისტური რეჟიმის გავლენის ოპერაციასთან, ირანელი მოქალაქეები, რომლებსაც კავშირი აქვთ ირანის რეჟიმთან, ლაოსელი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დამნაშავე, რომელიც მინესოტის გუბერნატორმა, ტიმ ვალცმა შეიწყალა და ქუვეითელი მოქალაქე, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ ძალადობის მომხრე იყო და ამერიკელებს თავის „მტრებს“ უწოდებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპისა და მდივან რუბიოს ხელმძღვანელობით, ისინი გააგრძელებენ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების ვიზების იდენტიფიცირებას, გამოძიებას და გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას.
„აშშ-ის ვიზა პრივილეგიაა და არა უფლება. დეპარტამენტი კვლავაც ერთგული რჩება ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებისა, რათა დაიცვას ჩვენი საზოგადოებები მათგან, ვინც ვიზას ბოროტად იყენებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.