აშშ-ის „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამომწვევი მიზეზების კვლევას იწყებენ
აშშ-ის „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამომწვევი მიზეზების კვლევას იწყებენ

აშშ-ის „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამომწვევი მიზეზების კვლევას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები ამტკიცებენ, რომ სავარაუდოდ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან კორონავირუსის გაჟონვის ვერსიის ყურადღებით შესწავლაა საჭირო. კონგრესმენები ითხოვენ, რომ აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ გაამჟღავნოს ყველა მონაცემი, რაც მას აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„რესპუბლიკელებმა“ ინფორმაციის გაგზავნით თხოვნით მიმართეს ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოჰელს ალიანსს“, რომელიც ჩინეთის ინსტიტუტთან მუშაობს.

მარტის ბოლოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩუნინმა თქვა, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ (WHO) უნდა შეისწავლოს კორონავირუსის გაჟონვის ვერსიები აშშ-ის სამხედრო ლაბორატორიიდან ფორტ დეტრიკში და სხვა ქვეყნების მსგავსი ინსტიტუტებიდან.