აშშ-ის ქალაქ პორტლენდში ათასობით დემონსტრანტი ასფალტზე დაწვა და ჯორჯ ფლოიდის საქმეზე სამართლიანობა მოითხოვა [ვიდეო]
ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში ათასობით დემონსტრანტი ზურგზე დადებული ხელებით მიწაზე დაწვა და გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდისთვის სამართლიანობა მოითხოვა. ინფორმაციასა მის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ათასობით მომიტინგემ მშვიდობიანი მსვლელობა გამართა პორტლენდის ბერნსაიდის ხიდამდე. ხიდთან მისვლისას აქციის მონაწილეები მიწაზე დაწვნენ, ხელები ზურგზე დაიწყვეს და ასეთ პოზიციაში ცხრა წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. „ვერ ვსუნთქავ“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რაც ჯორჯ ფლოიდის ბოლო სიტყვებია.
მოგვიანებით, პორტლენდში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი ესროლეს.
საპროტესტო გამოსვლები ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ მინეაპოლისში, მაღაზიასთან სავარაუდოდ 20-დოლარიანი ყალბი ჩეკის გამოყენებისთვის დააკავა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს, პოლიციელ დერეკ შოვინს კი მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევასთან დაკავშირებით, მინეაპოლისის პოლიციის ოთხ ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერდა. მათგან ერთ-ერთს, დერეკ შოვინს კი ბრალი მკვლელობაში წაუყენეს.