აშშ-ის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვირტუალურ შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
აშშ-ის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვირტუალურ შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც შეხვედრისას ინდოეთის ლიდერმა აღნიშნა, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. ნარენდრა მოდის თქმით, ის რამდენჯერმე ესაუბრა როგორც რუსეთის, ისე უკრაინის პრეზიდენტებს. ინდოეთის პრემიერმა ასევე დაგმო უკრაინაში, კერძოდ ბუჩაში, მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობა.

„ჩვენ დაუყოვნებლივ დავგმეთ მკვლელობები და მოვუწოდეთ დამოუკიდებელი გამოძიებისკენ. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს შედეგად მოჰყვება მშვიდობა. ასევე, ხაზი გავუსვით უკრაინაში მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი დაუბრკოლებელი ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ გავუგზავნეთ მედიკამენტები და სხვა ჰუმანიტარული მასალები უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებს. უკრაინის მოთხოვნით, ჩვენ მალე გავუგზავნით მათ მედიკამენტების მორიგ პარტიას“, – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, ორი ქვეყნის პარტნიორობას საფუძვლად უდევს ღრმა კავშირი ხალხებს შორის, მეგობრობა და საერთო ღირებულებები.

„ამასთან დაკავშირებით, მსურს მივესალმო ინდოეთის მხრიდან აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც განიცდის საშინელ თავდასხმებს, მათ შორის გასულ კვირას რკინიგზის სადგურის ტრაგიკული დაბომბვა, რასაც ათობით უდანაშაულო ბავშვი, ქალი და მოქალაქე შეეწირა, რომლებიც ძალადობისგან გაქცევას ცდილობდნენ. აშშ და ინდოეთი გააგრძელებენ მჭიდრო კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის ომის დესტაბილიზაციურ შედეგებს“, – აღნიშნა ბაიდენმა.