აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შესაძლოა, 2019 წლის 3 იანვრამდე შეაჩეროს
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შესაძლოა, 2019 წლის 3 იანვრამდე შეაჩეროს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა შესაძლოა, 2019 წლის 3 იანვრამდე შეაჩეროს. ამის შესახებ თეთრი სახლის შტაბის ხელძღვანელმა და ბიუჯეტის სამსახურის უფროსმა, მიკ მალვეინმა განაცხადა.

მიკ მალვეინის თქმით, პროცედურები საშობაო დღესასწაულის გამო სწრაფად სავარაუდოდ არ წარიმართება და მთავრობა მუშაობას, დიდი ალბათობით, ახალი კონგრესის ამოქმედების შემდეგ განაახლებს.

2019 წლიდან კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დემოკრატები იღებენ.

22 დეკემბერს კონგრესმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ტრამპის მოთხოვნაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია და შესვენება გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნას დემოკრატები არ ეთანხმებიან.

მიკ მალვეინის განცხადებით, თეთრმა სახლმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის უფრო ნაკლებ თანხას ითხოვს, ვიდრე თავდაპირველად დონალდ ტრამპს სურდა. დემოკრატები კედლის მშენებლობისთვის 1.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას თანხმდებიან, ტრამპი კი ხუთ მილიარდს ითხოვდა.