ნიუ იორკში გაიმართა ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი, უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება.
ეს ჩოგბურთელები წელს უკვე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და უპირატესობა უნგრელის მხარესაა – 3:1:
როტერდამი (ჰარდი). ბასილაშვილი-ფუჩოვიჩი 6:7(1), 1:6
მონტე კარლო (გრუნტი). ბასილაშვილი-ფუჩოვიჩი 5:7, 6:3, 1:6
რომი (გრუნტი). ბასილაშვილი-ფუჩოვიჩი 6:1, 7:6(2)
შტუტგარტი (ბალახი). ბასილაშვილი-ფუჩოვიჩი 7:6(4), 2:6, 5:7.
თუ „ჩელენჯერისა“ და „ფიუჩერსის“ სერიის ტურნირებს ავიღებთ, ჯამში ბასილაშვილმა და ფუჩოვიჩმა ერთმანეთში შვიდჯერ ითამაშეს და უნგრელი ჩოგბურთელი 5:2-ს იგებს.
ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ჩეხ ტომაშ ბერდიხსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის უძლიერესს შეხვდება. პირველი განთესილი, ვინც შეიძლება ბასილაშვილს შეხვდეს, ტურნირის მე-11 ნომერი, იტალიელი ფაბიო ფონინია.
შეგახსენებთ, რომ შარშან ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე სამი წრე გაიარა და მერვედფინალში რაფაელ ნადალს შეხვდა, რომელთანაც ოთხ სეტში წააგო.