აშშ-ის ღიაზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ჯონ მილმენი იქნება
აშშ-ის ღიაზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ჯონ მილმენი იქნება

გაიმართა ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე.

ჩვენი ჩოგბურთელი ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთესილი და მისი პირველი მოწინააღმდეგე იქნება ავსტრალიელი ჯონ მილმენი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 43-ე ჩოგანია.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ისტორია სამ მატჩს მოიცავს. ბასილაშვილი წინ არის – 2:1. მათი ბოლო მატჩი 2018 წელს, პარიზის „მასტერსზე“ გაიმართა. მაშინ ქართველმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, რის შემდეგაც, მილმენმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

მილმენს წლევანდელ სეზონში დადებითი ბალანსი აქვს – 8 მოგება და 4 წაგება. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მან ცინცინატის „მასტერსზე“ ითამაშა: პირველ წრეში ფრანგი ადრიან მანარინო დაამარცხა, მაგრამ მეორე რაუნდში სამ სეტში წააგო ამერიკელ ჯონ ისნერთან.

ჯონ მილმენს „დიდი სლემის“ ტურნირებზე საუკეთესო შედეგი სწორედ აშშ-ის ღიაზე ჰქონია – 2018 წელს მეოთხედფინალამდე მიაღწია. მაშინ მან თვით როჯერ ფედერერის დამარცხება მოახერხა.

ავსტრალიელის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში ამერიკელ ფრენსის ტიაფოსა და იტალიელ ანდრეას სეპის შორის მოგებულს შეხვდება.

აშშ-ის ღია პირველობა ნიუ იორკში 31 აგვისტოს დაიწყება.