აშშ-ის ღიას ჩატარებაზე გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებენ
აშშ-ის ღიას ჩატარებაზე გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებენ

„დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორები მსჯელობენ ჩემპიონატის ჩატარების ახალ თარიღზე. 2020 წლის თავდაპირველი კალენდრის მიხედვით, ტურნირი უნდა გაიმართოს 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე.

„ძალიან გაგვიმართლა, რომ ეს არის წელიწადში „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირი. ასე რომ, დრო ჩვენს მხარეზეა. გვინდა ჩავატაროთ ტურნირი, მაგრამ მთავარი ფაქტორი იქნება მოთამაშეებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობა. ჩვენი ორიენტირია ივნისი – სწორედ მაშინ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. არ გამოვრიცხავთ ჩემპიონატის მაყურებლების გარეშე ჩატარებას, მაგრამ დღეს ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარია. ფანების გარეშე არ იქნება ნამდვილი ჩოგბურთი“, – განაცხადა აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ დოუსმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გაუქმდა 2020 წლის უიმბლდონი, ხოლო საფრანგეთის ღია პირველობა შემოდგომაზე გადაიტანეს.

ამ მომენტისთვის, ყველა კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირი 13 ივლისამდეა გაუქმებული.