აშშ-ის ღია 2021 | ციციპასმა ენდი მარეი ხუთსეტიან მარათონში დაამარცხა #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | ციციპასმა ენდი მარეი ხუთსეტიან მარათონში დაამარცხა #1TVSPORT

აშშ-ის ღია პირველობამ სტარტი აიღო და პირველივე დღეს ერთი გამორჩეული მატჩი გაიმართა მამაკაცთა ბადეში. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი კლასიფიკაციის ამჟამინდელ მესამე ნომერს სტეფანოს ციციპასს ხვდებოდა.

ბრიტანელმა, მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს. პირველ სეტში სრულად დომინირებდა და ორმაგი ბრეიკით მოიგო, მეტოქეს კი ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა, მეორე პარტიის ტაი-ბრეიკზე 6:4-ს იგებდა, ორი სეტბოლი ჰქონდა და ახლოს იყო ორსეტიანი უპირატესობის მოპოვებასთან, მაგრამ ციციპასი გადარჩა.

სამაგიეროდ, მარეიმ მესამე სეტის მოგება შეძლო და ისევ დაწინაურდა პარტიებში. სამმა სეტმა ისე ჩაიარა, რომ ბერძენს არც ერთი ბრეიკი არ ჰქონდა აღებული, მაგრამ მეოთხე სეტი ზედიზედ ორი ბრეიკითა და 4:0 დაწინაურებით დაიწყო, მეხუთე სეტში კი პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა – 2:6, 7:6(7), 3:6, 6:3, 6:4. შეხვედრა ოთხი საათი და 44 წუთი გრძელდებოდა.

ეს ამ ჩოგბურთელთა პირველი შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში. მეორე წრეში ციციპასი ფრანგ ადრიან მანარინოს შეხვდება.