აშშ-ის ღია 2021 | ციციპასი 18 წლის ესპანელმა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | ციციპასი 18 წლის ესპანელმა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

აშშ-ის ღია პირველობაზე მესამე წრე და შესაბამისად, მერვედფინალისტების გამოვლენა დაიწყო. ნიუ იორკში მერვედფინალურ ეტაპზე არასოდეს უთამაშია მსოფლიოს მესამე ჩოგანს სტეფანოს ციციპასს – მან ვერც ამჯერად გადალახა მესამე რაუნდის ბარიერი. ბერძენის დამარცხება შეძლო 18 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა – 6:3, 4:6, 7:6(2), 0:6, 7:6(5). ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი 1992 წლის შემდეგ, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალამდე მიაღწია.

ესპანელმა ძალიან კარგად დაიწყო მატჩი – პირველ სეტში სამი ბრეიკი აუღო ბერძენს, მეორეში 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ციციპასმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება – ჯერ მეორე სეტი გადაარჩინა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მესამე სეტში 5:2 დაწინაურდა. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ალკარასმა საბრძოლო ხასიათი გამოავლინა – საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თან სამი სეტბოლი მოიგერია. მე-13 გეიმში ალკარასი თავიდანვე დაწინაურდა (5:1) და სეტებში ისევ წინ გავიდა.

მეოთხე სეტში ესპანელმა დაისვენა და „მშრალი“ ანგარიშით წააგო. მეხუთე სეტში, განსხვავებით წინა პარტიებისგან, ბრეიკი არ შესრულებულა – ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ციციპასს ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე ისევ უპირატესობა ალკარასმა მოიპოვა და სამმაგი მატჩბოლი მიიღო. ციციპასმა მეტოქის მოწოდებებზე ორი საფრთხე მოიგერია, მაგრამ მესამე ცდაზე ალკარასმა მაინც მოიპოვა კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება.

ესპანელის შემდეგი მეტოქე გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი იქნება.