აშშ-ის ღია 2021 | ბასილაშვილი მესამე წრეში გავიდა #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | ბასილაშვილი მესამე წრეში გავიდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით გააგრძელა გამოსვლა აშშ-ის ღია პირველობაზე. მეორე წრეში მისი მეტოქე იყო მსოფლიოს 151-ე ნომერი, ამერიკელი მაქსიმ კრესი, რომელმაც საწყის რაუნდში სენსაცია მოახდინა, როცა მეცხრე ნომრად განთესილ ესპანელთან პაბლო კარენიო ბუსტასთან ოთხი მატჩბოლი მოიგერია და სენსაციურ გამარჯვებას მიაღწია.

თუმცა, ამერიკელი ვერაფერს გახდა ბასილაშვილის წინააღმდეგ, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. პირველ სეტში ქართველმა შვიდი ქულა დათმო პირველ ბურთზე, მეორე პარტიაში ჯამში ოთხი ქულა წააგო თავის გეიმებში და არც მესამეში ჰქონია ამ მხრივ პრობლემები.

პირველი სეტი ბასილაშვილმა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ამერიკელმა მერვე გეიმში მოახერხა უკუბრეიკის შესრულება. მე-11 გეიმში ნიკას ერთი დაფარული სეტბოლი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის თამაში, რომელშიც ბასილაშვილმა გადამწყვეტ უპირატესობას მაშინ მიაღწია, როცა 2:2-ზე ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და ოთხმაგი სეტბოლი მოიპოვა. მეორე ცდაზე ქართველმა შეძლო სეტის მოგება.

მეორე სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცა და ერთი ბრეიკი იკმარა პარტიის მოსაგებად. ნიკამ მესამე სეტიც კარგად დაიწყო და ისევ დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ პირველი სეტის მსგავსად, კრესიმ შეძლო უკუბრეიკის შესრულება – ამჯერად, მეექვსე გეიმში. თუმცა, აქ საქმე ტაი-ბრეიკამდე აღარ მისულა, რადგან ბასილაშვილმა მე-11 გეიმში ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, რაც კარგად გამოუვიდა – 7:6(4), 6:3, 7:5. შეხვედრა ორი საათი და 12 წუთი გაგრძელდა. ნიკამ ექვსიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, კრესიმ – ოთხიდან ორი. ბასილაშვილმა პირველი მოწოდებით ქულების 80 პროცენტი აიღო, 37 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ 18 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

მესამე წრეში ბასილაშვილი მერვედფინალში გასასვლელად კიდევ ერთ ამერიკელს, მსოფლიოს 24-ე ჩოგანს რაილი ოპელკას შეხვდება, რომელთანაც პროფესიულ ტურში არასოდეს უთამაშია.

დატოვე კომენტარი