აშშ-ის ღია 2021 | ბასილაშვილი მერვედფინალში ვერ გავიდა #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | ბასილაშვილი მერვედფინალში ვერ გავიდა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე წრიდან გამოეთიშა აშშ-ის ღია პირველობას. მსოფლიოს 39-ე ჩოგანმა სამ სეტში წააგო ამერიკელ რაიან ოპელკასთან – 6:7(5), 3:6, 4:6. მატჩი ორი საათი და 18 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილს ჰქონდა პირველ ორ სეტში მოგების შანსი – ორივეჯერ ბრეიკით დაწანაურდა, მაგრამ ამერიკელმა ორივე შემთხვევაში შეძლო პასუხის გაცემა. პირველ სეტში მეტოქეებმა მესამე-მეოთხე სეტებში გაცვალეს ბრეიკები, რის შემდეგაც პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელსაც ბასილაშვილი 4:2-ს იგებდა, მაგრამ ეს უპირატესობაც გაფლანგა.

მეორე სეტში 2:0 წინ გასვლის შემდეგ, ქართველმა ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო და ბრეიკით ჩამორჩა. ბასილაშვილს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მერვე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც, ოპელკამ სეტში მესამედ აიღო მეტოქის მოწოდება.

მესამე სეტში ბასილაშვილს მიღებაზე შანსი არ ჰქონია – ოპელკამ თავის გეიმებში მხოლოდ რვა ქულა წააგო. აქაც თითქოს ტაი-ბრეიკი უნდა გათამაშებულიყო, მაგრამ მეათე გეიმში ამერიკელმა ბრეიკი შესრულება შეძლო და ამით მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ოპელკამ 21 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 74 პროცენტი მოიგო, 10 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ხუთი გამოიყენა. ბასილაშვილს ხუთი ბრეიკ-პოინტი და ორი ბრეიკი ჰქონდა.

მერვედფინალში ოპელკა ლოიდ ჰარისს შეხვდება, რომელმაც ტურნირს გამოთიშა მეშვიდე ნომერი დენის შაპოვალოვი.