აშშ-ის ფოსტა - ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს
აშშ-ის ფოსტა - ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს

აშშ-ის ფოსტის ხელმძღვანელები 46 შტატისა და ვაშინგტონის ოლქის საარჩევნო ადმინისტრაციას აფრთხილებენ, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს. კერძოდ, ფოსტაში ამბობენ, რომ ბიულეტენების გაგზავნის, შევსებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაბრუნებლად გამოყოფილი დრო შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს და ამომრჩეველთა ხმების დათვლა დროულად ვერ მოხერხდეს. შესაბამისად, ეს ხმები დაიკარგება.

აშშ-ის ფოსტის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული გაფრთხილების შესახებ ინფორმაცია „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა.

კერძოდ, აშშ-ის ფოსტის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, თომას მარშალის მიერ 46 შტატის მაღალჩინოსნებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ბიულეტენების გაგზავნისა და დანიშნულების ადგილზე მიტანის დრო შეიძლება, გაჭიანურდეს.

წერილი მიიღეს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში, როგორიცაა მიჩიგანი და ოჰაიო, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი.

ფოსტით ხმის მიცემის გარშემო აშშ-ში დავა გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით ხმის მიცემა თაღლითობის საფრთხეს აჩენს, რაც არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ დააყენებს.

თავის მხრივ, ტრამპის ოპონენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის დისკრედიტაციით ტრამპი ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ უბიძგებს და ფიქრობს, რომ ამგვარად გამარჯვებას მიაღწევს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. პანდემიის გამო, ბევრ შტატში ხმის ფოსტით მიცემის პროცედურის გამოყენებას აპირებენ.