აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება
აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
მათი ინფორმაციით, ისინი უხელმძღვანელებენ გამომძიებელთა ჯგუფს თავისი სააგენტოდან, „ბოინგიდან“ და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციიდან.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ გამომძიებლები დაეხმარებიან კორეის რესპუბლიკის საავიაციო და სარკინიგზო შემთხვევების გამოძიების საბჭოს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 181 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია 179 ადამიანი. მაშველებმა მათგან მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორივე ეკიპაჟის წევრია.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფა სავარაუდოდ ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.