აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს. შესაბამის ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის ელჩი დევიდ სატერფილდი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სედათ ონალმა მიიღო, რომელმაც ამერიკელ დიპლომატს განუცხადა, რომ თურქეთი მიუღებლად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, სრულად უარყოფს და გმობს მას.

„ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის განცხადებას საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ძალა არ გააჩნია, ძლიერ ტკივილს აყენებს თურქ ხალხს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს აშშ-თურქეთის ურთიერთობებს.

მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. უწყებამ ჯო ბაიდენის განცხადება დაგმო. როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, ჯო ბაიდენის განცხადება გაკეთდა „რადიკალური სომხური წრეებისა და ანტითურქული ჯგუფების ზეწოლით“. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯო ბაიდენს არ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება, განსაჯოს ისტორიული მოვლენები. თურქეთის საგარეო უწყება მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, გამოასწოროს „უხეში შეცდომა“.

ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას მიესალმება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის განცხადებით, ბაიდენი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი სისასტიკეები გენოციდია.