აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ისრაელის პრემიერს ჩინური ინვესტიციების საფრთხეების შესახებ აფრთხილებს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ისრაელის პრემიერს ჩინური ინვესტიციების საფრთხეების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ბილ ბერნსი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს ჩინური ინვესტიციების საფრთხეების შესახებ აფრთხილებს, განსაკუთრებით IT სექტორისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გააფრთხილა ისრაელი, რომ ამ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობებს შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ჩინეთის შემდგომმა მონაწილეობამ ისეთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა ჰაიფას ახალი პორტი, მაგრამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ პრიორიტეტი ამ პროექტის წინ წამოწევას მიანიჭა.

თავის მხრივ, ისრაელის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბენეტმა ბერნსს განუცხადა, რომ ისრაელს აშშ-ის შეშფოთების ესმის.

როგორც გამოცემა Axios იტყობინება, მათთან საუბარში ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ისრაელმა ჩინეთთან დაკავშირებით დაიწყო დიალოგი ბაიდენის ადმინისტრაციასთან.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყო კონკრეტული საუბარი ჩინეთის შემდგომ მონაწილეობაზე თელ-ავივის მეტროს პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამერიკელებს ვუთხარით, რომ მივესალმებით მათ ინფრასტრუქტურულ კომპანიებს ისრაელში, მაგრამ ისინი ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ“, – ამბობს ისრაელელი მაღალჩინოსანი.

მოსალოდნელია, რომ ისრაელი აშშ-სთან ჩინეთის საკითხზე დამატებით მოლაპარაკებებს უახლოეს თვეებში გამართავს.