აშშ-ი ირანსა და იემენთან არსებული წყლების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას გეგმავს
აშშ-ი ირანსა და იემენთან არსებული წყლების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანსა და იემენთან არსებული წყლების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა. ჯოზეფ დანფორდის თქმით, ამ საკითხის განსახილველად ის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მარკ ესპერს შეხვდა.

სამხედრო მაღალჩინოსნის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამად რამდენიმე სახელმწიფოსთან თანამშრომლობს, რათა დადგინდეს, შეძლებს თუ არა ვაშინგტონი საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რომლის მიზანიც ბაბ-ელ-მანდებისა და ჰორმუზის სრუტეებში თავისუფალი ნავიგაციის გაკონტროლება იქნება.

როგორც ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოფიციალური ვაშინგტონი გაარკვევს, რომელ სახელმწიფოებს აქვთ ამ კოალიციაში ჩართვის სურვილი. ამის შემდეგ კი ვაშინგტონი აღნიშნული სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან კონკრეტული ზომების მიღებისთვის ითანამშრომლებს.

2018 წელს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ცოტა ხნის წინ კი ირანში განაცხადეს, რომ დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები მის პირობებს არ ასრულებენ, ამიტომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს თავადაც გვერდს აუვლიან.

მხარეებს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, ბოლო თვეებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა.