აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვს
აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვს

აშშ-მა ოფიციალურად მოითხოვა ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენა. ამის მიზეზად ვაშინგტონში ირანის მხრიდან ე.წ. ბირთვული შეთანხმების დარღვევა დაასახელეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანისთვის სანქციების ხელახლა დაწესების მოთხოვნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს პირადად გადასცა.

როგორც „როიტერი“ წერს, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ნაწილობრივ უკავშირდება ირანისთვის შეიარაღების შესყიდვაზე დაწესებულ ემბარგოს, რომლის ვადაც ოქტომბერში იწურება და რომლის გახანგრძლივებაზეც გასულ კვირაში გაერო-ს უშიშროების საბჭომ უარი თქვა.

„ირანისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნა დიდი შეცდომაა. ეს სიგიჟეა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, აშშ გააკეთებს ყველაფერს, რათა ირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი კვლავ ამოქმედდეს. ვაშინგტონის მოთხოვნის შესასრულებლად გაერო-ს უშიშროების საბჭოს 30-დღიანი ვადა აქვს.

ამასთან, რუსეთი და ჩინეთი ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაწესების წინააღმდეგ გამოდიან. მოსკოვსა და პეკინში მიიჩნევენ, რომ აშშ-ს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ირანისგან იმ შეთანხმების პირობების შესრულება, რომელიც ვაშინგტონმა თავად დატოვა.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმაც. ჟოზეფ ბორელის თქმით, აშშ 2018 წლიდან აღარ არის ე.წ. ბირთვული შეთანხმების მონაწილე და შესაბამისად, არ აქვს უფლება, ცალმხრივად მოითხოვოს ირანისთვის სანქციების ხელახლა დაწესება.