აშშ და „თალიბანი“ ხელშეკრულების პროექტზე შეთანხმდნენ
აშშ და „თალიბანი“ ხელშეკრულების პროექტზე შეთანხმდნენ

აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ხელშეკრულების პროექტზე შეთანხმებით დასრულდა.

ყატარში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა თქვა, რომ მშვიდობა მოითხოვს ოთხ საკითხზე შეთანხმებას: კონტრტერორისტულ გარანტიებზე, ჯარების გაყვანაზე, შიდა ავღანურ დიალოგზე და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტაზე.

ხალილზადის განცხადებით, პირველადი შეთანხმება პირველ ორ პუნქტზე იქნა მიღწეული და საბოლოო თანხმობის შემდეგ, პოლიტიკური რეგულირების მიზნით, ავღანური მხარეები დიალოგს დაიწყებენ.

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობისთვის პირობები გაუმჯობესებულია და ცხადია, რომ ომის დასრულება ყველა მხარეს სურს.

აშშ-ის დელეგაცია „თალიბანის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავს. ავღანური მედიის ინფორმაციით, მომდევნო ორ კვირაში ავღანელ პოლიტიკოსებსა და „თალიბანის“ წევრებს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.