„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი აშრაფ ჰაკიმი განწყობილია მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა რამონ ალვარეს დე მონმა.
მისი ინფორმაციით, 27 წლის მაროკოელმა თავის უახლოეს გარემოცვას განუცხადა, რომ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა კონტრაქტი გააფორმოს „სამეფო კლუბთან“. ჰაკიმი ბავშვობიდან გულშემატკივრობს „რეალს“ და სურს მშობლიურ გუნდში დაბრუნება პსჟ-თან მრავალწლიანი კონტრაქტის მიუხედავად. მაროკოელი მადრიდული კლუბის სისტემაში 2015-18 წლებში იმყოფებოდა.
მცველს მადრიდში გადასვლის კიდევ ერთი მიზეზი აქვს – ესაა მისი საუკეთესო მეგობარი კილიან მბაპე, რომელმაც არაერთხელ გამოთქვა სურვილი, ისევ ითამაშოს ერთ გუნდში ჰაკიმისთან ერთად. ამავდროულად, პსჟ არ გეგმავს ჰაკიმის გაყიდვას, მაგრამ თუ ფეხბურთელი მოითხოვს გაშვებას, მზად არის, განიხილოს ტრანსფერის შესაძლებლობა.
აშრაფ ჰაკიმიმ ამ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა პარიზელთა შემადგენლობაში, სამი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი საფრანგეთის ჩემპიონთან 2029 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.