აშორტიას ბენეფისი და ქოჩლაძის შედევრი „კავკასიონ არენაზე“ – „თელავმა“ „ლოკომოტივი“ ისევ უქულოდ დატოვა #1TVSPORT
აშორტიას ბენეფისი და ქოჩლაძის შედევრი „კავკასიონ არენაზე“ – „თელავმა“ „ლოკომოტივი“ ისევ უქულოდ დატოვა #1TVSPORT

„ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის მეორე წრეც წაგებით დაიწყო – თბილისური კლუბი „თელავთან“ დამარცხდა და ერთად-ერთია გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

„თელავმა“ „კავკასიონ არენაზე“ თბილისელებთან გამართული შეხვედრაში დიდი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და მეტოქის კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანა. ანგარიში მე-6 წუთზე იმედა აშორტიამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა, 9 წუთში კი არანაკლებ ეფექტური დარტყმით დუბლი შეასრულა.

21-ე წუთზე სხვაობა გურამ გოშთელიანმა სამამდე გაზარდა, საგოლე გადაცემა კი აშორტიამ გააკეთა, რომელიც ამ შეხვედრის გმირი იყო. მეოთხედ მეტოქის კარი მე-40 წუთზე ბიძინა მახარობლიძემ ასევე ძალიან ლამაზი დარტყმით აიღო და ასისტი ისევ აშორტიამ ჩაიწერა.

შესვენებაზე „თელავი“ დიდი უპირატესობით გავიდა – 4:0. მეორე ტაიმში კი ლაშა ქოჩლაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა – ჯერ მცველს გადაუდგო თავზე ბურთი და შემდეგ 20 მეტრიდან უძლიერესი დარტყმული ბურთი მეკარე სოსო კოპალიანს მოხვდა და კარის ბადე შეარხია.

„თელავმა“ თავისი არსებობის ისტორიაში ეროვნულ ლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშთ მოიგო – 5:0, 13 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ლოკომოტივს“ ჯერ ქულაც არ აქვს, ბოლო პოზიციაზეა და უკვე ცხადია, ვითარება თუ არ შეიცვალა, ასეთი თამაშით გუნდი გავარდნის პირველი კანდიდატი იქნება.