აშორტია აზერბაიჯანში ითამაშებს - კლუბმა ქართველი წარადგინა #1TVSPORT
აშორტია აზერბაიჯანში ითამაშებს - კლუბმა ქართველი წარადგინა #1TVSPORT

თოვუზის „თურანმა“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში მორიგი ახალწვეული, იმედა აშორტია წარადგინა – აზერბაიჯანის გუნდის ცნობით, ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იმედა აშორტია 25 წლისაა. მისი ბოლო კლუბი ეროვნული ლიგის კლუბი „თელავი“ იყო. ასევე უთამაშია მარტვილის „მერანში“, გორის „დილაში“, ფოთის „კოლხეთსა“ და ქობულეთის „შუქურაში“.

აზერბაიჯანულ კლუბებში წელს ბევრი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა. ბაქოს „ნეფთჩიმ“ საბა კვირკველია დაიმატა, იმედა აშორტიამდე „თურან-თოვუზმა“ „თელავში“ მისი თანაგუნდელი – ფირუზ მარაქველიძე მიიწვია, ხოლო „ქიაფაზმა“ – ასევე „თელავის“ ყოფილი მოთამაშე გიორგი ქანთარია, „გაგრას“ ყოფილი შემტევი მათე კვირკვია.

გარდა ამისა, „ყარაბაღმა“ „იაგელონიიდან“ გამოისყიდა ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი, „ზირადან“ წასული დავით ვოლკოვი „საბახში“ ჩაირიცხა. აზერბაიჯანიდან მხოლოდ ორი მოთამაშე წამოვიდა – „საბახიდან“ მიხეილ ერგემლიძე, ხოლო „შამახიდან“ წამოსული მერაბ გიგაური ქუთაისის „ტორპედოში“ ჩაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ აშორტიასა და მარაქველიძის ახალ გუნდს ბოლო 12 წელიწადში ორი ქართველი მწვრთნელი ავარჯიშებდა – 2010 წელს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი, ხოლო 2014 წელს – ბადრი კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის მამაა.