აშხაბადში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა
აშხაბადში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა​ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს. შეხვედრა აშხაბადში შედგა.

ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ) ქვეყნების მეთაურების საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა. ალიევმა და ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემცირების მნიშვნელობას. თურქმენეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას მეორე მსოფლიო ომის მოვლენების ინტერპრეტაციაზე იკამათა. სხდომაზე ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთის ახალ ხელისუფლებას არ მოუხდენია გარეგინ ნჟდეს ძეგლის დემონტაჟი, რომელიც ფაშისტებთან მუშაობდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სხდომაზე აღნიშნა, რომ დსთ-ს სივრცეში ფაშიზმის გმირობად წარმოჩენის ადგილი არ არის. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისტორიის დასამახინჯებლად დსთ-ს ქვეყნების შეხვედრის ფორმატს გამოყენება უადგილოა.