ასე თამაში ყველა მატჩში შემიძლია - ბითაძემ „ვაშინგტონთან“ სარეკორდო შეხვედრა შეაფასა #1TVSPORT
ასე თამაში ყველა მატჩში შემიძლია - ბითაძემ „ვაშინგტონთან“ სარეკორდო შეხვედრა შეაფასა #1TVSPORT

გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ რიკ კარლაილის გუნდი „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ 123:133 დამარცხდა, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და თანაგუნდელების მხრიდან მალკოლმ ბროგდონის შემდეგ, საუკეთესო იყო.

გოგას თამაშზე კომენტარი მატჩის საუკეთესო მექულემ, „პეისერსის“ გამთამაშებელმა – მალკოლმ ბროგდონმა გააკეთა.

„გოგა შესანიშნავი იყო. როცა პარკეტზე გამოვიდა, მას შეტევაშიც და დაცვაშიც დიდი გავლენა ჰქონდა. ბითაძეს ეს თამაში სჭირდებოდა. ის ბევრს მუშაობს და დიდი გზა გაიარა NBA-ში მოსვლის შემდეგ. გოგა იმსახურებს ისეთ მატჩებს, როგორიც დღეს ჰქონდა“.

მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე გოგამაც ისაუბრა.

„სათამაშოდ მზად ვიყავი, მჯეროდა ჩემი სროლების, მწვრთნელმა შემიყვანა და თამაშის მოსაგებად უნდა მეთამაშა“.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გოგას ტაიმის ბოლოს ჩაგდებული ბურთი კაირი ირვინგის სტილს შეადარა, რაზეც გოგამ უპასუხა, რომ ფარქვეშ შესვლას აპირებდა, მაგრამ ბურთი დაკარგა და ბოლოს მეტოქესთან სიმაღლის უპირატესობით ისარგებლა და სროლა გამოიყენა.

გოგამ მესამე მეოთხედზეც ილაპარაკა, სადაც რიკ კარლაილმა მას მცირე სათამაშო დრო მისცა.

„ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა, ვენდობი მას. ვისზეც იგრძნო, რომ პარკეტზე უნდა ყოფილიყო, ის შეიყვანა და მე უბრალოდ სათამაშოდ მზად ვიყავი“.

ბითაძემ მეტოქეზე და თანაგუნდელებზეც ისაუბრა.

„მინდა აღვნიშნო, რომ „ვიზარდსი“ ძალიან კარგი გუნდია, მათ ქულების დაგროვება შეუძლიათ, რაც ამ მატჩშიც შეძლეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ფორმაში ყოფნა და გუნდთან ერთად თამაში. რამდენიმე კვირაა ტაირისთან და ბადისთან ერთად ვთამაშობ და ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან“.

საქართველოს ნაკრების ცენტრს პორზინგისის შესახებაც ჰკითხეს.

„ის დიდებული მოთამაშეა. მის წინააღმდეგ დიდი დრო არ მითამაშია, რადგან მე არ მიცავდა, მაგრამ ის დიდებული მოთამაშეა“.

პრესკონფერენციის ბოლოს გოგამ თავისი თამაში შეაფასა.

„კიდევ ერთ თამაშში ვირწმუნე ჩემი თავის და სროლის. ვიცი, რომ ასე თამაში ყველა მატჩში შემიძლია. მე უბრალოდ გავდივარ პარკეტზე და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია და ხანდახან ხდება, რომ ყველა სროლას იყენებ“.