ასათიანის გუნდის მეორე გამარჯვება ევრო 2022-ზე - საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ზე მეორე ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და შესანიშავი თამაშის წყალობით, ზედიზედ მეორე მოგებით კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

გრონინგენის „მარტინი პლაზაში“ გამართულ შეხვედრაში პირველი რეალური სახიფათო მომენტი ჩვენი ნაკრების ესპანელმა შემტევმა, ბრუნო პეტრიმ შექმნა, მაგრამ ურთულესი დარტყმა მოიგერია ბოსნიელთა მეკარე მილანოვიჩმა, რომელიც მეტოქის საკვანძო მოთამაშე გამოდგა.

მე-7 წუთზე ბოსნიელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც გასპარ კახვეჯიჩმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ გატანა საქართველოს ნაკრებსაც შეეძლო და მეტოქესაც, მაგრამ საბოლოოდ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

სამწუხაროდ, დაშავდა და გუნდს მეორე ნახევარში ვერ დაეხმარა ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ელისანდრო. ასევე ტრავმა მიიღო შოთა თოფურიამ. თუმცა ამ დიდი დანაკლისის მიუხედავად, ავთანდილ ასათიანმა მოახერხა ნაკრების გადაწყობა და ზედიზედ მეორე შეხვედრა გუნდს მეორე ტაიმში მოაგებინა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. მეკარე დარკო მილანოვიჩის წინ გამოსვლით 25-ე წუთზე თალესმა ისარგებლა და ანგარიში საკუთარი ნახევრიდან ეფექტური გოლით გაათანაბრა 1:1. გავიდა ორი წუთი და საქართველოს ნაკრები ბრუნო პეტრიმ ეფექტური შესრულებით დააწინაურა 2:1.

საბოლოოდ, შეხვედრა საქართველოს მოგებით დასრულდა, რომელმაც ჯგუფში ზედიზედ მეორედ მოიგო და თუ სასწაული არ მოხდა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია.

„დ“ ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და აზერბაიჯანს შორის 23:30 საათზე დაიწყება. სწორედ ამ შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპინატის 1/4 ფინალში ორი ტურის შემდეგ გავა თუ მესამე ტურის დასრულებამდე მოუწევს მოცდა.

ჯგუფიდან გავალთ თუ ესპანეთი აზერბაიჯანს დაამარცხებს (ანგარიშში სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს). ასეთ შემთხვევაში საქართველოსა და ესპანეთს 2-2 მოგება მოუგროვდებათ და აზერბაიჯანისა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის მიუწვდომელნი იქნებიან. ჯგუფიდან 1/4 ფინლში ორი საუკეთესო ითამაშებს.

იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანმა ესპანეთს სძლია, ხოლო მესამე ტურში ესპანეთმა  საქართველოს, სამივე გუნდს ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგებათა თანაბარი რაოდენობა მოუგროვდება და მომდევნო ეტაპზე ბურთების შეფარდებით ორი საუკეთესო გავა.

არის საუკეთესო ვარიანტიც – ბოლო ტურში საქართველომ ესპანეთი უნდა დაამარცხოს და სამი მოგებით ჯგუფში პირველი იქნება. ეს კი თავიდან აარიდებს 1/4 ფინალში ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ რუსეთთან დაპირისპირებას. რუსებს თავის ჯგუფში პირველობა გარანტირებული აქვთ და ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანს ელიან.


ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო 1:2


გოლები: 0:1 კახვეჯიჩი (7), 1:1 თალესი (25), 2:1 ბრუნო პეტრი (27)

საქართველო: კუპატაძე – შაგინია, თალესი, რონინიო, ელისანდრო – ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ბრუნო პეტრი, ვილიანი, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია.