ასანიძის კვალიფიკაციამ მედალი ისრაელსაც მოუტანა
ასანიძის კვალიფიკაციამ მედალი ისრაელსაც მოუტანა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელშეწყობით, ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედალი, ისრაელის ქალთა ნაკრების წევრმაც აიღო.

71 კილოგრამი წონითი კატეგორიის ატაცში ბრინჯაოს მედალი ნიკოლ რუბანოვიჩს ერგო. ნიკოლი რომელიც ასანიძესთან კონსულტაციებს მუდმივად გადის და ხშირად მისი და გია ცირეკიძის მეთვალყურეობით ვარჯიშობს, „ბ“ ჯგუფში ასპარეზობდა და მოულოდნელად საუკეთესო სამეულში მოხვედრა შეძლო. მან ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, საუკეთესო შედეგი 96 კილოგრამი დააფიქსირა და როგორც გაირკვა ეს შედეგი მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. „ა“ ჯგუფში, პირველ დისციპლინაში უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ სპორტსმენს აღმოაჩნდა. ასევე 96 კილოგრამი აიტაცა შვედმა მარია აკერლუნდმა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს წონა პირველმა რუბანოვიჩმა დააფიქსირა ბრინჯაოც სწორედ ისრაელს ერგო.

რუბანოვიჩს გიორგი ასანიძიე რამდენიმე ტურნირზე გასულ წელსაც დაეხმარა, მათ შორის ერთ-ერთი სადაც 20 წლის ძალოსანს ქართველი მწვრთნელებიც ამზადებდნენ აშხაბადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი იყო.