შოთა არველაძის „ჰალ სიტიში“ დანიშვნა გადაწყვეტილია - მთავარია, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის პრობლემა არ შეექმნას #1TVSPORT
შოთა არველაძის „ჰალ სიტიში“ დანიშვნა გადაწყვეტილია - მთავარია, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის პრობლემა არ შეექმნას #1TVSPORT

თუ დიდი ბრიტანეთის სამეფოს ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის პრობლემები არ შეექმნება, შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ ახალი მწვრთნელი გახდება.

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ ამტკიცებს, რომ ინგლისური „ჰალ სიტის“ მეპატრონე აჯუნ ილიჯალიმ შოთა არველაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

„თურქმა ბიზნესმენმა, აჯუნ ილიჯალიმ, მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალ სიტი“ ოფიციალურად გადაიფორმა. ცნობილი გახდა „ჰალ სიტის“ ახალი მწვრთნელის ვინაობაც. ამ პოსტზე აჯუნ ილიჯალი ახლო მეგობარს, შოთა არველაძეს დანიშნავს“, – წერია „ჰურიეთის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

თურქული გამოცემის ცნობით, მთავარია, 48 წლის ქართველ მწვრთნელს დიდი ბრიტანეთის სამეფოში იურიდიული სახის პრობლემები არ შეექმნას.

„თუ ოფიციალური პროცედურების გავლისას, დიდი ბრიტანეთის სამეფოს ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის პრობლემები არ შეექმნება, შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ ახალი მწვრთნელი გახდება. 48 წლის არველაძე სამი წლის განმავლობაში უზბეკეთში, ტაშკენტის „პახტაკორს“ წვრთნიდა, რომელიც 2021 წელს დატოვა“, – წერს გამოცემა.

აჯუნ ილიჯალი და შოთა არველაძე მეგობრები არიან. საინტერესო დეტალია – თურქი ბიზნესმენი ნოემბერში „ტრაბზონსპორი“-„ფენერბაჰჩეს“ მატჩზე კერძო თვითმფრინავით გაფრინდა, სადაც სწორედ ქართველი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი ახლდა.