არველაძის „ჰალ სიტი“ სახლში პირველად დამარცხდა #1TVSPORT
არველაძის „ჰალ სიტი“ სახლში პირველად დამარცხდა #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონშიფის ერთ-ერთ ლიდერს, „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა – 0:2.

„ქუინზ პარკთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, შოთა არველაძემ სასტარტო 11-ში ცვლილებები შეიტანა – ტრავმის შემდეგ გუნდს კაპიტანი ლევი კოილი დაუბრუნდა, ასევე შემადგენლობაში გამოჩნდა ოზან ტუფანი, რომელსაც ასევე ტრავმის გამო თამაშები გაუცდა.

სტუმრებმა მეტი მომენტი შექმნეს და ანგარიში მე-20 წუთზე გახსნეს. მასპინძელთა კარი ოლი მაკბერნიმ აიღო. არველაძის გუნდს 26-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ოსკარ ესტუპინიანმა მომენტით ვერ ისარგებლა და „შეფილდი“ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში სტუმრების უპირატესობა სანდერ ბერგემ გააორმაგა, როდესაც თამაშის დასრულებამდე 15 წუთი იყო დარჩენილი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – ამ გამარჯვებით „შეფილდ იუნაიტედმა“ 17 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე დაწინაურდა.

შოთა არველაძის გუნდი კი მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა და 11 ქულით მე-12 პოზიციაზე დაქვეითდა.