არველაძის გუნდი სტუმრად წაუგებელ სერიას აგრძელებს - „ჰალმა“ „ქოვენთრი“ დაამარცხა #1TVSPORT
არველაძის გუნდი სტუმრად წაუგებელ სერიას აგრძელებს - „ჰალმა“ „ქოვენთრი“ დაამარცხა #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტი” გასვლაზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს – ინგლისის ჩემპიონშიპის 38-ე ტურში ქართველი სპეციალისტის გუნდმა სტუმრად „ქოვენთრი“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის ფავორიტად არველაძის გუნდის მეტოქე ითვლებოდა, რომელიც ჩემპიონატის მე-11 ადგილზე იყო. მაგრამ არველაძის „ჰალ სიტიმ“ პროგნოზები არ გაამართლა. ანგარიში მე-4 წუთზე რიჩი სმოლვუდმა გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე „ქოვენთრის“ კარი მეორედ რაიან ლონგმანმა აიღო და „ვეფხვება“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ნოემბრის ბოლოდან „ჰალ სიტის“ მხოლოდ მესამე გასვლითი მოგება იყო, არველაძის ხელში კი – მეორე და ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა გასვლაზე წაუგებელი თამაშების სერია ხუთ მატჩამდე გაახანგრძლივა.

ქოვენთრიმ“ მხოლოდ მეორე მარცხი განიცადა ლიგის ბოლო რვა მატჩში და პლეი-ოფის პოზიციებს ხუთი ქულით ჩამორჩება. არველაძის გუნდმა ჩემპიონშიფის 38-ე ტურის შემდეგ 41 ქულა დააგროვა და ერთი საფეხურით, მე-19 ადგილზე დაწინაურდა. ჩემპიონშიფის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი, „ჰალ სიტი“ გავარდნის ზონაში მყოფ „ბარნსლის“ 13 ქულით ასწრებს, მაგრამ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ქულები ჯერ კიდევ სჭირდება.

39-ე ტურში „ჰალ სიტი” შინ „ლუთონ თაუნს“ უმასპინძლებს, რომელიც მე-5 ადგილზეა და ინგლისის პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის. მატჩი 19 მარტს გაიმართება.