არველაძემ კვარაცხელიაზე ისაუბრა - გამიხარდება, ჩემს რეკორდს თუ გააუმჯობესებს, მას შეუძლია, დიდ ტურნირებზე გაგვიყვანოს #1TVSPORT
არველაძემ კვარაცხელიაზე ისაუბრა - გამიხარდება, ჩემს რეკორდს თუ გააუმჯობესებს, მას შეუძლია, დიდ ტურნირებზე გაგვიყვანოს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, შოთა არველაძეს (61 მატჩი, 26 გოლით), რომელიც „ნაპოლი“-„უდინეზეს“ მატჩს დაესწრო, ინტერვიუ გამოცემა Corriere del Mezzogiorno-მ ჩამოართვა და კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

„აიაქსისა“ და „რეინჯერსის“ ყოფილი ფეხბურთელის თქმით, არ აშინებს პერსპექტივა, რომ 21 წლის თავდამსხმელი ნაკრებში მის საგოლე რეკორდს გააუმჯობესებს.

„კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია და უკვე გამოირჩევა გუნდში, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. პარასკევს მან მითხრა, რომ ნეაპოლში კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს, მაგრამ ზურგი ისევ სტკივა და იმედოვნებს, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდება.

– ვინ არის კვარაცხელია ქართველი ხალხისთვის? ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებს დიდ პერსპექტივას უხსნის. მის გარეშე ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს, კვარაცხელიასთან ერთად კი მიზანის მიღწევა შესაძლებელია – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოხვედრა.

– კვარაცხელიას საუკეთესო თვისება – მრავალფეროვნებაა. ამ ასაკში ასეთი რაოდენობის თვისებები მაკვირვებს. მას არა მხოლოდ გოლების გატანა შეუძლია, არამედ თანაგუნდელებსაც ძალიან ეხმარება და თამაშსაც ძალიან კარგად კითხულობს.

– სულაც არ მეშინია, თუ ხვიჩა ჩემს საგოლე რეკორდს გააუმჯობესებს. ნუ ღელავთ, პირიქით, ამას ვუსურვებ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩვენ კი უკვე წარსულში ვართ. იმედი მაქვს, ის შეძლებს საქართველოს მწვერვალზე აყვანას. ჩვენი დიდი ოცნება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლაა. კვარასთან ერთად ჩვენ ეს შეგვიძლია“, – განაცხადა შოთა არველაძემ.