არველაძემ „ჰალიდან“ წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა - რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობამ დაგვაშორა​ #1TVSPORT
არველაძემ „ჰალიდან“ წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა - რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობამ დაგვაშორა​ #1TVSPORT

შოთა არველაძემ „ჰალ სიტისთან“ დამშვიდობების შემდეგ პირველი კომენტარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა – ჩემპიონშიფის გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი განვლილ პერიოდს აანალიზებს.

„იმ კუნძულზე მუშაობა და ცხოვრება, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს, ბედნიერებას მანიჭებს და მიხარია, რომ „ჰალ სიტიმ“ ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა. კლუბის შენების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი მფლობელის ხელში ხვდება და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, წარმოუდგენლად რთულია. ამჯერად, ეს ამბავი ისე არ გამოვიდა, როგორც ამას ყველა ვისურვებდით 8 თვის წინ, როცა ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი მქონდა.

მინდა აჯუნს (ილიჯალი – „ჰალ სიტის“ მეპატრონე) და მის გუნდს ამ რთულ გზაზე დიდი წარმატება ვუსურვო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, იმ ფორმით, როგორც შევთანხმდით და როგორც ამის დასაწყისში გვჯეროდა. არის თემები, რასაც, დროსთან ერთად, სწორი მიდგომა სჭირდება. საბოლოოდ, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს რიგ საკითხებში არ ემთხვეოდა, რაც გახდა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. თუმცა, იმედი მაქვს, „ჰალ სიტი“ წარმატებული კლუბი გახდება.

მადლობას ვუხდი „ვეფხვების“ სტაფის ყველა წევრს – ასისტენტებს, თანამშრომლებს, მთავარი გუნდის, აკადემიისა და სტადიონის პერსონალს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიმუშავე. მადლობას ვუხდი მედიას – რთულ და ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მთავარი მადლობა კი ფანებს ეკუთვნით, რომელთა მხარდაჭერა და შეძახილი Arveladze We’ve got. ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება“, – ვკითხულობთ შოთა არველაძის განცხადებაში.