არველაძე თურქულ გამოცემას ესაუბრა - საქართველო სტამბულის უბნის ხელაა, მაგრამ ოლიმპიადაზე თურქეთს მაინც გადავასწარით #1TVSPORT
არველაძე თურქულ გამოცემას ესაუბრა - საქართველო სტამბულის უბნის ხელაა, მაგრამ ოლიმპიადაზე თურქეთს მაინც გადავასწარით #1TVSPORT

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ თურქულ გამოცემა „ფანატიკსთან“ ინტერვიუში თავის მომავალზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მალე ახალ გუნდს ჩაიბარებს.

„როგორც მოგეხსენებათ, მე ახლა არ ვმუშაობ და სტამბულში ვარ. იყო შემოთავაზებები თურქეთიდან და საზღვარგარეთიდან. ალბათ, მწვრთნელობას წელს გავაგრძელებ. ახლა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს. ჩვენ ძალიან წარმატებულები ვიყავით თურქეთში, „კაისერსა“ და „ქასიმფაშაში“, მაგრამ „ტრაპიზონში“ რაღაც ვერ გამოვიდა. 30 წელზე მეტია, თურქეთში ვცხოვრობ. ახლა სუპერლიგაში იმდენი მწვრთნელი მოხსნეს, როგორც მაშინ, როდესაც აქ ჩამოვედი. როდესაც შედეგები ცუდია, მწვრთნელებს ცვლიან. აქ ადვილი არ არის. ფეხბურთში ატმოსფერო ცოტა დაძაბულია. დატვირთულ ინდუსტრიაში ძნელია გონივრულად მოქმედება”, – განაცხადა შოთა არველაძემ.

ქართველმა მწვრთნელმა ახსენა, რომ ტოკიო 2020-ის საერთო ჩათვლაში საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია უზარმაზარ თურქეთზე წინ აღმოჩნდა.

„რატომ ვერ აღწევს თურქეთი წარმატებას გუნდურ სპორტში? წარუმატებლობის მიზეზები უნდა გაანალიზო. 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე თქვენ ვერ მიაღწიეთ წარმატებას გუნდურ სპორტში და მიიღეთ ინდივიდუალური მედლები. კულტურა უნდა შეიცვალოს. მშენებლობაში, ჯანდაცვასა და სერიალებში ძალიან კარგ საქმეებს აკეთებთ. მაგრამ ეს არ ხდება სპორტში. საქართველო მაქსიმუმ 4-მილიონიანი მოსახლეობითაა. ამ დროს ტოკიო 2020-ზე მედლების საერთო რაოდენობით ჩემი ქვეყანა 33-ე ადგილზე გავიდა, 85-მილიონიანი თურქეთი კი – 35-ეზე. საქმის კარგად კეთების პირობებში როგორ შემიძლია მე შენ გაჯობო? მე ხომ პატარა ქვეყანა ვარ, დაახლოებით იმხელა, როგორც სარიერია (სტამბულის უბანია). ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად კეთდება”, – აღნიშნა არველაძემ.