არველაძე შენგელიას ტრანსფერსა და ორმაგ სტანდარტებზე - საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს
არველაძე შენგელიას ტრანსფერსა და ორმაგ სტანდარტებზე - საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარი მწვრთნმელი შოთა არველაძე მოსკოვის ცსკა-ს საკალათბურთო გუნდში თორნიკე შენგელიას გადასვლაზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგია.

„ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე – არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე” – წერს შოთა არველაძე.

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი აცხადებს, რომ საწყენია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სპონსორობა ქართულმა ბანკებმა რომ არ ისურვეს.

„საქართველოს (საფეხბურთო) ნაკრების სპონსორი VTB ბანკია. საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს“ – აცხადებს არველაძე.