არველაძე „ომონიას“ მწვრთნელობის კანდიდატი იყო - კვიპროსელების სიმპათია ბელგიელზე შეჩერდა #1TVSPORT
არველაძე „ომონიას“ მწვრთნელობის კანდიდატი იყო - კვიპროსელების სიმპათია ბელგიელზე შეჩერდა #1TVSPORT

შოთა არველაძე ნიქოზიის „ომონიას“ მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, მაგრამ საბოლოოდ, კვიპროსელთა პრიორიტეტი სხვა სპეციალისტის მიწვევა აღმოჩნდა.

ცნობილი გახდა, რომ ბოლო ტურის შემდეგ „ომონიას“ მთავარი მწვრთნელი ნილ ლენონი გაათავისუფლეს – „სელტიკისა“ და „ჰიბერნიანის“ ყოფილი მწვრთნელი კვიპროსულ კლუბს მხოლოდ შვიდი თვე ხელმძღვანელობდა, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის თასი მოიგო და გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, გუნდიდან გაუშვეს.

ერთ-ერთი პირველი კანდიდატი, ვისი გვარიც კვიპროსულ მედიაში გაჟღერდა, შოთა არველაძე იყო. ქართველი მწვრთნელი ხელმძღვანელობდა თურქულ კლუბებს „კაისერს“, „კასიმფაშას“, „ტრაბზონსპორს“, ისრაელში თელ-ავივის „მაკაბის“, უზბეკეთში – ტაშკენტის „პახტაკორს“, ხოლო ბოლოს რვა თვე „ჰალ სიტის” ხელმძღვანელობდა, მაგრამ ინგლისიდან ოქტომბრის დასაწყისში წამოვიდა და ამჟამად უკლუბოდაა.

კვიპროსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არველაძეს „ომონიას“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. თუმცა, გამოცემა „სპორტაიმის“ ცნობით, ნილ ლენონის ნაცვლად „ომონიაში“ დიდი ალბათობით, იანიკ ფერერა დაინიშნება. 42 წლის ბელგიელ სპეციალისტს ცხრაწლიანი კარიერა აქვს. მუშაობდა „შარლერუაში“, „სენტ-ტრუიდენში“, ლიეჟის „სტანდარტში“, „ვაასლანდ-ბევერენსა“ და „ალ ფატეში“, ხოლო 2022 წლის იანვრიდან უმუშევარია.