არველაძე მეკარის ტრავმამ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო - „ჰალ სიტის“ თამაშმა გამახარა, ჩვენ აშკარად ვიზრდებით #1TVSPORT
„ჰალ სიტიმ“ გასვლაზე „ქუინს პარკთან“ პრემიერშიფის 33-ე ტურის მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ „ჰალ სიტიმ“ ერთ-ერთ ლიდერთან ქულა აიღო, გუნდის ქართველი მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის მთავარი საზრუნავი თამაშის შემდეგ მეკარის მეტ ინგრამის ჯანმრთელობა იყო, რომელიც უმძიმეს ტრავმას გადაურჩა.
„ჰალ სიტის“ მეკარე 66-ე წუთზე ცუდად დაეცა და ამის გამო თამაში 12 წუთით შეჩერდა. საჭირო გახდა ექიმების ჩარევა, რომლებმაც ინგრამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქართველმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ მეტ ინგრამი მატჩის დროს მოედანზე საშინელი დაცემის შემდეგ გონზე მოვიდა.
„რაც მთავარია, ინგრამი ექიმს ესაუბრა და თავს კარგად გრძნობს. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს იყო უხერხული დაცემა, ის მიწაზე ზურგით დავარდა და თავიც დაარტყა. მადლობა ღმერთს, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა. ექიმებმა მითხრეს, საფრთხე არაა, არ ინერვიულო, მას მხოლოდ დრო სჭირდება“, – განაცხადა მატჩის შემდეგ „ჰალ სიტის“ ქართველმა ბოსმა.
ინგრამი სამშაბათს იორკშირულ დერბიში „ბარნსლის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მაგრამ არველაძეს ვერც მეორე მეკარე ნათან ბაქსტერი დაეხმარება, რომელიც ტრავმირებულია. „ქუინზ პარკთან“ შეცვლაზე 19 წლის ჰარვეი კარტრაიტი ათამაშა. არველაძემ აღნიშნა, რომ „ჰალი“ ახლა სასწრაფოდ მეკარის იჯარით დამატებას მოითხოვს: „ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, თუ ეს შესაძლებელია“.
„ჰალმა“ არველაძის ხელმძღვანელობის შემდეგ ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ ქართველი პოზიტიურ ნიშნებს ხედავს:
„გამიხარდა ბიჭების ასეთი კარგი თამაში – დატვირთულ გრაფიკში ეს შესანიშნავი მატჩი იყო. ბოლო წუთებში კიდევ ერთი გოლი რომ გაგვეშვა, ეს გუნდის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას არ შეცვლიდა. ჩვენ გუნდურად ვიზრდებით. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელიც მალე დაგვიბრუნდება. ბოლო დროს სამი თამაშის წაგება გაგვიჭირდა, მაგრამ გულშემატკივრები გვერდში დაგვიდგნენ, ამის ნახვა კი სასიამოვნოა“.
აღსანიშნავია, რომ „ჰალ სიტიმ“ შეაჩერა „ქუინზ პარკი“, რომელიც მოგების შემთხვევაში ჩემპიონშიფის ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდებოდა.