არველაძე ლიდერთან მატჩის მოლოდინში - წარუმატებელი მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება მომდევნო მატჩის მოგებაა #1TVSPORT
არველაძე ლიდერთან მატჩის მოლოდინში - წარუმატებელი მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება მომდევნო მატჩის მოგებაა #1TVSPORT

შოთა არველაძეს „ჰალ სიტის“ Youtobe არხზე ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც ქართველმა სპეციალისტმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული განვლილი სამი მატჩი შეაფასა და ლიდერთან მოახლოებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

მისმა გუნდმა განიცადა ზედიზედ ორი მარცხი „პრესტონთან“ და „დერბი ქაუნთისთან“, მაგრამ არველაძე ამბობს, რომ მისი ფეხბურთელები ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდნენ.

„გუნდმა ჩემი ხელმძღვანელობით 3 მატჩი ჩაატარა. რთული შეხვედრები იყო. ბევრ კომპონენტში შეგვიძლია მომატება – ბიჭები ამას კარგად ხვდებიან. სავარჯიშოდ უფრო და უფრო მეტი დრო გვექნება და პროგრესს აუცილებლად მივაღწევთ. ფეხბურთში წინ უნდა იყურო. იმედგაცრუებული ვიყავი „დერბის“ შემდეგ. მაგრამ თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ბიჭები კარგად რეაგირებენ მომხდარზე და ეს ვარჯიშზე აჩვენეს. იმედი მაქვს, რომ ამას თამაშშიც გამოავლენენ“, – ამბობს შოთა არველაძე.

ჰალ სიტი“, რომელიც 32 ქულით პრემიერშიფში მე-19 ადგილზეა, 12 თებერვალს, თბილისის დროით 19:00-ზე ჩემპიონშიფის ერთპიროვნულ ლიდერ „ფულემს“ უმასპინძლებს. ქართველმა მწვრთნელმა კომენტარი დღეს გასამართ შეხვედრაზე გააკეთა.

„ვესაუბრე ფეხბურთელებს და ვუთხარი, რომ ესაა სპორტი, რომელიც გვიყვარს და საშინაო კედლებში ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან თამაშზე უკეთესი სტიმული არ არსებობს. ცუდი მატჩის შემდეგ, ნებისმიერ ფეხბურთელსა და მწვრთნელს წარუმატებელი მდგომარეობიდან სწრაფად გამოსვლა სურს. ამისთვის საუკეთესო საშუალება მომდევნო მატჩის მოგებაა. „ფულემთან“ შეხვედრამდე სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს. თუ დააკვირდებით მათ გატანილ გოლებს, თამაშს და ქულებს, მაშინ უნდა თქვათ, რომ ის ამ მომენტისთვის ლიგის საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილი გუნდია. კარგად არიან ორგანიზებულები და ესმით ერთმანეთის. ისინი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ“.

არველაძემ იცის, რომ „ფულემმა“ ბევრი გოლი რომ გაიტანა და მისმა ბომბარდირმა ალექსანდრე მიტროვიჩმა 30 ბურთი შეაგდო და რთულ შეხვედრას ელის.

„ყველამ იცის, რომ „ფულემმა“ 77 გოლი გაიტანა, მიტროვიჩმა 30 შეაგდო და ა.შ. მაგრამ ეს ფაქტები ვერ შემაშინებს. კარგი გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, „ჰალი“ კი ის გუნდია, რომელიც „ფულემს“ საქმეს გაურთულებს. შევეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. გულშემატკივრები უნდა მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან ისინი ძალიან გვჭირდება. და მეორე – ჩვენი საშინაო არენა ბრწყინვალე ადგილია, რათა თამაშებს დაესწრო და ფეხბურთით დატკბე“.